top of page

კონფერენციის მიზნები

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება სოციალური მუშაობის, სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში პირველი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას. ეს კარგი შესაძლებლობაა, გაერთიანდეს ის მიღწევები, ცოდნა და გამოცდილება, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვდა საქართველოში სოციალური მუშაობის სფეროში. კოვიდ-19-ის პანდემიამ დაგვანახა, რომ შესაძლებელია ონლაინ სივრცეში გავაერთიანოთ სხვადასხვა პროფესიონალი, მათ შორის, ის მეცნიერებიც, რომლებიც საზღვრებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ სოციალური მუშაობის მეცნიერების სფეროში.


კონფერენციის სახელწოდებაა “სოციალური მუშაობა - მეცნიერება სოციალური ცვლილებისათვის”. სოციალური მუშაობა უნიკალური აკადემიური დისციპლინა და პროფესიაა,რომელიც მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების სისტემური გაგების საფუძველზე სოციალური ინტერვენციების განვითარებას. მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სოციალური ინტერვენციების შედეგად კი შესაძლებელია ადამიანის სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება. შესაბამისად, მოცემული კონფერენციის მთავარი თემაა სოციალური ცვლილებების განხორციელების პროცესში სოციალური მუშაობის მეცნიერების წვლილის და მნიშვნელობის ხაზგასმა- კერძოდ, სოციალური მუშაობის, როგორც პრაქტიკაზე დაფუძნებული მეცნიერების დარგის წინ წამოწევა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაობის სფეროში სამეცნიერო კვლევის თავისებურებების იდენტიფიკაცია. ეს ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არსებული სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამებისთვისაც, რათა ზუსტად განისაზღვროს, თუ რა ნიშნებით უნდა ხასიათდებოდეს სოციალური მუშაობის სამეცნიერო დონის კვლევა.


ამრიგად, კონფერენციის მიზანია საქართველოში სოციალური მუშაობის, როგორც პრაქტიკული მეცნიერების, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; სფეროში პირველი სამეცნიერო კონფერენციის პრეცენდენტის დაშვებით, ახალგაზრდა პროფესიონალების დაინტერესება კვლევითა და სამეცნიერო საქმიანობით, რაც წარმოადგენს სოციალური მუშაკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს. ასევე, საქართველოში დაგროვებული მეცნიერული მტკიცებულებების გაზიარება სოციალური მუშაობის სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის,  მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის, სტუდენტებისთვის, მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

მიზნები: News
bottom of page